„მზიანი“ მითი: რატომ გვაკლია ქართველებს დე ვიტამინი?
D ვიტამინს „მზის ვიტამინადაც“ მოიხსენიებენ, საქართველოს კი — მზიან მხარედ. შესაბამისად, ბუნებრივია გაკვირვება, როდესაც ანალიზით D ვიტამინის დაბალი დონე ან დეფიციტი აღმოგვაჩნდება.
თუმცა მზიანი ამინდი ავტომატურად არ ნიშნავს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის გამომუშავებას. ეს დამოკიდებულია სეზონზე, დღის მონაკვეთზე, ცხოვრების წესზე, კვებასა და ჯანმრთელობის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ჩვენს გეოგრაფიულ ზონაში შემოდგომისა და ზამთრის მზის სხივები არ შეიცავს საკმარისი ინტენსივობის UVB გამოსხივებას, რომელიც კანში D-ის წარმოქმნას იწყებს.
თბილისში — მზის და ვარდების მხარეში — ჩატარებულ ერთ კვლევაში D3-ის წინამორბედი ნივთიერების წარმოქმნა სექტემბრიდან მარტამდე არ დაფიქსირდა. კვლევა ტუბერკულოზის მქონე პაციენტებზე იყო ფოკუსირებული და მთელ მოსახლეობაზე პირდაპირ ვერ გავრცელდება, თუმცა თბილისის მზის სეზონურობას ნათლად აჩვენებს.
მხოლოდ მზის დანახვა საკმარისი არ არის. მნიშვნელობა აქვს კანზე პირდაპირ ზემოქმედებასა და გარეთ გატარებულ დროს. ფანჯრიდან შემოსული სინათლეც ვერ ასრულებს იმავე ფუნქციას, რადგან მინა UVB სხივების დიდ ნაწილს აკავებს.
რა დროს უნდა იეჭვოთ D3 ვიტამინის დეფიციტზე?
შესაძლო ნიშნებია:
- ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე;
- ძვლებისა და სახსრების ტკივილი;
- კუნთების სისუსტე, ტკივილი ან სპაზმები;
- გუნება-განწყობის ცვლილება;
- ხშირი ავადობა და ნელი გამოჯანმრთელება;
- თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა;
- ჭრილობების ნელი შეხორცება.
ეს სიმპტომები ხშირად უჩუმრად მიმდინარეობს. ზუსტი სურათის მისაღებად ყველაზე სწორი გზა სისხლში 25(OH)D-ს დონის შემოწმებაა.
რატომ არ არის D3-ის მიღება უბრალოდ „ერთი აბის დალევა“?
D3 ვიტამინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ აუცილებელია, ორგანიზმმა ის სწორად შეიწოვოს და გამოიყენოს. ყველა პროდუქტი ერთნაირი არ არის — მცირე ოდენობამ შესაძლოა მოსალოდნელი ეფექტი ვერ უზრუნველყოს, ხოლო ხანგრძლივად მიღებული, ზედმეტი რაოდენობა - უსაფრთხო აღარ იყოს.
D3 ვიტამინის სიჭარბემ შეიძლება სისხლში კალციუმის დონის მატება და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
საქართველო მზიანი ქვეყანაა, მაგრამ მზე მხოლოდ შესაძლებლობას გვაძლევს,მაგრამ იგი საკმარისი D ვიტამინის გარანტია არაა.
D3-ის ნაკლებობა შეიძლება უხმაუროდ ვითარდებოდეს, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ.
მზე ყველას ანათებს — თუმცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.



