მოდაფინილი 100 მგ, 30 ტაბლეტი - მოწოდებული შეფუთვის ილუსტრაცია
ნევროლოგია, ფსიქიატრია, ძილის მედიცინა, შრომის მედიცინა

მოდაფინილი

100 მგ
შეფუთვა30 ტაბლეტი
პრეპარატის ფორმაპერორალური
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა; ფსიქოსტიმულატორები; პერიფერიული და ცენტრალური მოქმედების სიმპათომიმეტეტიკები (ATC კოდი: N06BA07).

დასახელება და შემადგენლობა

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: მოდაფინილი - 100მგ თითოეულ ტაბლეტში. ფარმაცევტული ფორმა: ტაბლეტები. შეფუთვა: #30 ტაბლეტი.

გამოყენების ჩვენებები

მედიკამენტი ინიშნება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილ პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებისას: ნარკოლეფსია: ჭარბი დღის ძილიანობის მკურნალობა კატაპლექსიით ან კატაპლექსიის გარეშე; ობტრუქციული ძილის აპნოეს სინდრომი (OSA): ჭარბი დღის ძილიანობის მკურნალობა, როგორც დამხმარე თერაპია ძირითად მკურნალობასთან (მაგ. CPAP თერაპია) კომბინაციაში; ცვლადი სამუშაო გრაფიკით გამოწვეული ძილის დარღვევა (SWSD): გამოხატული ძილიანობის კუპირება ღამის ცვლაში მომუშავე პირებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა; ფსიქოსტიმულატორები; პერიფერიული და ცენტრალური მოქმედების სიმპათომიმეტეტიკები (ATC კოდი: N06BA07). მოქმედების მექანიზმი: მოდაფინილი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების სიფხიზლის მასტიმულირებელი საშუალებას. მისი ზუსტი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა დადგენილია, რომ ის სელექციურად ბლოკავს დოფამინის ტრანსპორტერს (DAT) და თრგუნავს დოფამინის უკუმიტაცებას, რითაც ზრდის მის კონცენტრაციას სინაფსურ ნაპრალში (განსაკუთრებით ჰიპოთალამუსსა და ტვინის ქერქში). გარდა ამისა, მოდაფინილი ასტიმულირებს ჰისტამინერგულ, ნორადრენერგულ და გლუტამატერგულ სისტემებს, ხოლო თრგუნავს გამა-ამინო-ერბოს მჟავის (GABA) გამოყოფას. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება: ამფეტამინებისა და ტრადიციული სიმპათომიმეტური სტიმულატორებისგან განსხვავებით, მოდაფინილს ახასიათებს დაბალი აფინურობა D1 და D2 რეცეპტორებისადმი, არ იწვევს ნეირონების გენერალიზებულ აგზნებას, ნაკლებად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (არ იწვევს მკვეთრ ტაქიკარდიას) და ხასიათდება დამოკიდებულებისა და მიჩვევის განვითარების მნიშვნელოვნად დაბალი პოტენციალით. ფარმაკოკინეტიკა აბსორბცია: პერორალური მიღებისას კარგად და სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (C) მიიღწევა მიღებიდან 2–4 საათში (T). საკვების მიღება არ მოქმედებს საერთო ბიოშეღწევადობაზე (AUC), თუმცა შესაძლოა შეაფერხოს C-ის მიღწევა დაახლოებით 1 საათით. განაწილება: ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 60%, ძირითადად ალბუმინს). განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.9ლ/კგ-ს, რაც მიუთითებს პრეპარატის კარგ ქსოვილოვან განაწილებაზე. მეტაბოლიზმი: ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლური გზებია ამიდური ჰიდროლიზი და სულფოქსიდაცია, CYP3A4/5 ფერმენტული სისტემის მონაწილეობით. ძირითადი ცირკულირებელი მეტაბოლიტები (მოდაფინილის მჟავა და მოდაფინილის სულფონი) ფარმაკოლოგიურად არააქტიურებია. ელიმინაცია: ნახევრადგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს დაახლოებით 12–15 საათს. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით მეტაბოლიტების სახით (უცვლელი სახით შარდში გადადის 10%-ზე ნაკლები).

დოზირება და მიღების წესი

მიღების რეჟიმი: მიიღება პერორალურად, ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, ჭამისგან დამოუკიდებლად. სტანდარტული დოზირება: ნარკოლეფსია და ობტრუქციული ძილის აპნოე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 200მგ-ს დღეში (2 ტაბლეტი 100მგ), რომელიც მიიღება ერთჯერადად დილით. აუცილებლობისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს 400მგ-მდე დღეში (მიიღება დილით ან გაყოფილი ორ მიღებად - დილით და შუადღეს). ცვლადი სამუშაო გრაფიკით გამოწვეული ძილის დარღვევა (SWSD): 200მგ (2 ტაბლეტი 100მგ) დღეში ერთხელ, სამუშაო ცვლის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. ხანდაზმული პაციენტები (65 წელი): ელიმინაციის შემცირების გამო მკურნალობა იწყება 100მგ დღიური დოზით. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: ღვიძლის მძიმე უკმარისობისას სტანდარტული დოზა მცირდება 50%-ით (100მგ დღეში). თირკმლის მძიმე უკმარისობისას (GFR<30მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექციასთან ერთად საჭიროა მონიტორინგი არააქტიური მეტაბოლიტების აკუმულაციის გამო. პედიატრიული პოპულაცია (18 წლამდე ასაკი): მოდაფინილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სისტემურ-ორგანული კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (1/10): თავის ტკივილი. ხშირი (1/100 - <1/10): ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, სომნოლენცია, პარესთეზიები, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა, დეპრესია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება. ზოგადი: ასთენია, გულისრევა, გემოვნების გაუარესება. ნაკლებად ხშირი (1/1000 - <1/100): ემოციური ლაბილურობა, ჰალუცინაციები, აგზნება, ტრემორი, არითმია, ბრადიკარდია, ქოშინი, კანის გამონაყარი, ქავილი, მიალგია, ართრალგია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოდაფინილის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ; გამოხატული ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; გულ-სისხლძარღვთა საშუალო და მძიმე პათოლოგიები (გულის არითმიები, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი, არასტაბილური სტენოკარდია); ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები სერიოზული დერმატოლოგიური რეაქციები: მოდაფინილის მიღებისას იშვიათად აღწერილია სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - SJS, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი - TEN, DRESS სინდრომი). გამონაყარის ან ლორწოვანი გარსის დაზიანების პირველივე ნიშნებისთანავე პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ფსიქიატრიული სიმპტომები: პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფსიქიატრიული დარღვევები, მოდაფინილმა შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვავოს შფოთვა, აგზნება, ჰალუცინაციები, მანიაკალური მდგომარეობა ან სუიციდური აზრები. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მკურნალობა წყდება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი: თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის პერიოდული მონიტორინგი. ჰორმონალური კონტრაცეფცია: მოდაფინილი იწვევს CYP3A4/5 ფერმენტის ინდუქციას, რამაც შესაძლოა შეამციროს ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ალტერნატიული, არაჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდები მკურნალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა: მოდაფინილი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება და თანდაყოლილი მანკები. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები. ლაქტაცია: უცნობია გადადის თუ არა მოდაფინილი ადამიანის რძეში. ექსპერიმენტულ კვლევებში დადასტურებულია პრეპარატის ექსკრეცია ცხოველთა რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ჰორმონალური კონტრაცეპტივები: მცირდება მათი კონცენტრაცია პლაზმაში და ეფექტურობა (CYP3A4 ინდუქციის გამო). CYP2C19-ის სუბსტრატები (მაგ. დიაზეპამი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, ომეპრაზოლი): მოდაფინილი თრგუნავს CYP2C19-ს, რამაც შესაძლოა გაზარდოს ამ პრეპარატების კონცენტრაცია და გვერდითი ეფექტები. ორალური ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი): შესაძლოა შეიცვალოს პროთრომბინის დრო/INR, რის გამოც საჭიროა ხშირი მონიტორინგი. CYP3A4/5 სუბსტრატები (მაგ. ციკლოსპორინი, სიმვასტატინი): მოდაფინილი ამცირებს მათ პლაზმურ კონცენტრაციას. ცნს-ის სტიმულატორები და კოფეინი: ერთობლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი აგზნება, ტაქიკარდია და არტერიული ჰიპერტენზია. ჭარბი დოზირება სიმპტომები: ჭარბი დოზირებისას (აღწერილია 8000მგ-მდე დოზის მიღება) ვლინდება უძილობა, ცნს-ის აგზნება, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გულისრევა, დიარეა, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია. მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების მონიტორინგი და სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ +15°C – +25°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00

იკითხეთ ამ პრეპარატის შესახებ

პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.

გაეცანით მტკიცებულებებს

წყაროები და კონტექსტი.

FDA · Provigil-ის დანიშვნის ინსტრუქცია (2015 წლის არქივი)

წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.

როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას

გაქვთ კითხვა
ინდივიდუალურ მომზადებაზე?

დაგვიკავშირდით