
PEG 3350 (მაკროგოლი)
დასახელება და შემადგენლობა
შემადგენლობა: მაკროგოლი 3350 - 68 გ: 68გ პოლიეთილენგლიკოლი 3350 თითოეულ პაკეტში. ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი ორალური ხსნარის დასამზადებლად. შეფუთვა: #4 პაკეტი (68გ).
გამოყენების ჩვენებები
ნაწლავის მომზადება: დიაგნოსტიკური (ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური) ან ქირურგიული პროცედურებისთვის (მაღალი დოზირების რეჟიმში).
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები (ATC კოდი: A06AD15). მოქმედების მექანიზმი: მაკროგოლი 3350 წარმოადგენს მაღალმოლეკულურ პოლიმერს, რომელიც წყალბადური ბმებით უკავშირდება წყლის მოლეკულებს. პერორალური მიღებისას ის არ შეიწოვება და არ მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, არამედ აკავებს წყალს ნაწლავის სანათურში. მოცულობის გაზრდა და დარბილება: ნაწლავში წყლის შეკავების ხარჯზე იზრდება განავლის მასის მოცულობა და სითხის შემცველობა, რაც იწვევს მათ დარბილებას. პერისტალტიკის სტიმულაცია: გაზრდილი მოცულობა მექანიკურად ასტიმულირებს ნაწლავის ნერვულ დაბოლოებებს, გაძლიერებულად ააქტიურებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურ, ბუნებრივ დეფეკაციას. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება: მაკროგოლი 3350 არ იწვევს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ან მეტეორიზმს (რადგან არ განიცდის ბაქტერიულ ფერმენტაციას მსხვილ ნაწლავში). თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკა აბსორბცია: მაკროგოლი 3350 პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (აბსორბცია < 0.2%). მეტაბოლიზმი: არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ან ფერმენტაციას ნაწლავური მიკროფლორის მიერ. ელიმინაცია: მიღებული დოზა სრულად და უცვლელი სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან განავალთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი
მომზადების წესი: 68 გ-იანი პაკეტი: 1 პაკეტის შიგთავსი (68გ) სრულად უნდა გახსნათ 500-1000მლ (0.5-1 ლიტრ) წყალში. მიღების ზოგადი წესი: მიიღება პერორალურად, ჭამისგან დამოუკიდებლად. დოზირება 68 გ-იანი შეფუთვისთვის ეს მაღალდოზირებული ფორმა განკუთვნილია ნაწლავის სრული გამოწმენდისა და მომზადებისთვის დიაგნოსტიკური (ენდოსკოპიური/კოლონოსკოპიური, რენტგენოლოგიური) ან ქირურგიული პროცედურების წინ: მზადება დიაგნოსტიკური პროცედურის წინ მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლიდან): სტანდარტული დოზირება: 4 პაკეტი (272გ ჯამური დოზა), სადაც თითოეული 68გ-იანი პაკეტი იხსნება 500-1000მლ წყალში (სულ 2-4ლ ხსნარი). მიღების სქემა: მომზადებული ხსნარი მიიღება პროცედურის წინა დღეს. ხსნარი ისმევა ეტაპობრივად - 250მლ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ, ნაწლავის სრულ გამორეცხვამდე (გამონადენი სითხის სრულ გამჭვირვალობამდე). მზადება დიაგნოსტიკური პროცედურის წინ ბავშვებში (2–11 წელი): გამოიყენება ექიმის ინდივიდუალური დანიშნულებითა და მეთვალყურეობის ქვეშ, გაანგარიშებით 1.5-2გ/კგ სხეულის მასაზე (68გ-იანი პაკეტიდან შესაბამისი მოცულობის ხსნარის მომზადებითა და პროცედურის წინა დღეს ეტაპობრივი მიღებით).
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით: ხშირი (1/100 - <1/10): კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: შებერილობა,, მუცლის ტკივილი/სპაზმი, გულისრევა, დიარეა (დოზის გადაჭარბებისას). ნაკლებად ხშირი (1/1000 - <1/100): ღებინება, ანალური მიდამოს გაღიზიანება, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნა. ძალიან იშვიათი (<1/10000): ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მაკროგოლის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ; 2 წლამდე ასაკი (უსაფრთხოების მონაცემების შეზღუდულობის გამო); ნაწლავის მექანიკური ან ფუნქციური ობსტრუქცია (ილეუსი), ნაწლავის სტენოზი; ნაწლავის პერფორაცია ან პერფორაციის მაღალი რისკი; ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებების მწვავე ფორმები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ტოქსიური მეგაკოლონი).
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები სითხის ადეკვატური მიღება: მაკროგოლით თერაპიისას პაციენტმა (განსაკუთრებით ბავშვებმა და ხანდაზმულებმა) უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით წყალი დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. სითხისა და ელექტროლიტების დარღვევები: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ელექტროლიტური დისბალანსის სიმპტომების გამოვლენისას (შეშუპება, ქოშინი, დაღლილობა) საჭიროა სისხლის ელექტროლიტების კონტროლი. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა: მაკროგოლ 3350-ის ბიოშეღწევადობა უმნიშვნელოა. მისი გამოყენება ორსულობის დროს უსაფრთხოა და ნებადართულია. ლაქტაცია: პრეპარატი არ შეიწოვება დედის ორგანიზმში და არ გადადის დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უსაფრთხოა. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან სხვა მედიკამენტების შეწოვა: მაკროგოლი ზრდის ნაწლავის პასაჟის სიჩქარეს. სხვა პერორალურ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს ამ მედიკამენტების აბსორბცია. რეკომენდებულია სხვა მედიკამენტების მიღება მაკროგოლის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ჭარბი დოზირება სიმპტომები: ძლიერი დიარეა, მუცლის ტკივილი და ღებინება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი. მკურნალობა: დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა. სითხისა და ელექტროლიტების შევსება.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზა ხსნარის შენახვა: მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2°C-8°C) და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში.
მწარმოებელი
შპს „ფორტის ფარმაცეუტიკალსი“ Pharmaceutical Compounding მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ჟვანიას ქ. No9 ტელ: 032 2053191 სამუშაო საათები - ყოველდღე 10:00-20:00
პრეპარატის შერჩევა, მიღების წესი, დამხმარე ნივთიერებები, გამოთავისუფლების მახასიათებლები და მომზადების შემდეგ გამოყენების საბოლოო ვადა უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან და გამცემ ფარმაცევტთან.
წყაროები და კონტექსტი.
წყაროები აღწერს მოქმედ ნივთიერებებს ან რეფერენსულ მედიკამენტებს და არ ნიშნავს ფორტისის მიერ მომზადებული პრეპარატების FDA-ს ან EMA-ს მიერ დამტკიცებას. საარქივო ინსტრუქციები შესაძლოა უახლეს ინფორმაციას არ ასახავდეს. ეს მიმოხილვა არ წარმოადგენს უსაფრთხოების სრულ სახელმძღვანელოს ან დანიშნულების რეკომენდაციას.
როგორ წარმოვადგენთ პროდუქტის ინფორმაციას